სსიპ კოლეჯი „აისი“

კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში წამყვანი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა! იგი მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული:

1. კოლეჯი „აისის“ მთავარი დაწესებულება არის კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
2. დედოფლისწყაროს ფილიალი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო)
3. ალვანის ფილიალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი)
4. ლაგოდეხის ფილიალი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა)

კოლეჯი  „აისის“ მთავარი დაწესებულება, რომელიც კაჭრეთში მდებარეობს, განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორია. კოლეჯს აქვს სამი ძირითადი ნაგებობა:

1. თეორიული სწავლების კორპუსი;
2. პრაქტიკული სწავლების კორპუსი;
3. სტუდენტთა უფასო პანსიონი.

ძირითადი კორპუსების გარდა კოლეჯს გააჩნია დამხმარე ნაგებობებიც: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, სათონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი,  ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნოები.

კოლეჯის ტერიტორიაზე  სამეურნეო საქმიანობისთვის გაშენებულია ვენახი, მაყვლისა და ჟოლოს ბაღები,  ბოსტანი და ხეხილის ბაღი. ასევე ფუნქციონირებს სასათბურე მეურნეობა.

კოლეჯი  „აისი“ წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. ასევე, რეაბილიტირებულია მისი სამივე ფილიალი.

კოლეჯ „აისის“ სიმბოლიკა:
ფერები: ყვითელი და ლურჯი;      სლოგანი: „აქ შენი მომავალია!“
  ლოგო:


აისი მზის ამოსვლას ნიშნავს. კოლეჯ „აისის“ ლოგოს სიმბოლიკაც სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული. კოლეჯის ლოგო ლურჯ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი.

ყვითელი ფერი ასოცირდება მზესთან და უკავშირდება გონებას, ინტელექტისა და აზროვნების განვითარებას.

ლურჯი ფერი ასოცირდება უსასრულობასა და მარადიულობასთან. არის რწმენის და სიმტკიცის სიმბოლო.  ლურჯი ყველაზე მშვიდი და სტაბილური ფერია.

კოლეჯ „აისის“ ლოგო ნახევარწრის ფორმის მზეა ოქროსფერი სხივებით, რომელიც ლურჯი ფერის ორ უსასრულო ჰორიზონტალურ ხაზს კამარად აკრავს.  მზის სხივებს აქვს ბორბალის ფორმა, რაც თავის მხრივ ინდუსტრიის სიმბოლოა და მუდმივ მოძრაობას განასახიერებს. პროფესიული განათლების როლი კი ინდუსტრიის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია.

კოლეჯ „აისის“ ქართულ და ინგლისურენოვან წარწერებს შორის ცენტრალურ ადგილზე განთავსებული პატარა ლურჯი წერტილი ერთიანობას და ნებისყოფის საშუალებით პიროვნების სასიცოცხლო ენერგიის მიღებას აღნიშნავს.

ჩვენი პრიორიტეტია მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.

Comments