მეფობას ხელობა სჯობია!


„მეფობას ხელობა სჯობია“
ქართული ხალხური ზღაპარი, რომელიც შესაძლოა პროფესიული განათლების სიმბოლოდ იქცეს

ალბათ ყველას წაგიკითხავთ ზღაპარი ახალგაზრდა მეფეზე, რომელსაც გლეხის გოგონა მანამ არ გაყვა ცოლად, სანამ მეფემ ხელობა არ ისწავლა. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მეფემ დიდვეზირს კითხა რჩევა, რომელი ხელობა ჯობიაო და დიდვეზირმა ფეიქრობა ურჩია დაუფიქრებლად, რა შეედრება ფერადი ყვავილების ქარგვას, თანაც ძაფი და ბაწარი ყველგან იშოვება, ფეიქრობა ყველა ხელობას ჯობიაო...



ვაღიარებ, რომ ბავშვობაში სტერეოტიპების ტყვე ვიყავი და მეფის ფეიქრობა, მხოლოდ ზღაპრად ჩავთვალე, ზღაპრის კეთილად დასრულებისთვის რომ იყო საჭირო, რადგან ახალგაზრდა მეფეს სიკვდილსგან სწორედ ამ ხელობის ცოდნა გადაარჩენდა. რეალობაში კი მაინცდამაინც ვერ წარმოვიდგინე.



წლების შემდეგ, როცა პროფესიულ კოლეჯში დავიწყე მუშაობა და ერთ სივრცეში მყოფი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გავიცანი, რაღაცეებმა ისევ გამაოცა. მაგალითად, თავდაპირველად ვერაფრით ვიჯერებდი, რომ კოლეჯ „აისის“ ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერის, ბატონ ნუგზარ ძამუკაშვილის მიერ წარმოდგენილ თექის ნამუშევრებს მასთან რაიმე საერთო ქონდა გარდა იმისა, რომ უბრალოდ ფილიალის მენეჯერი გახლდათ. ვფიქრობდი, ალბათ ფილიალში რომელიმე ქალბატონი ამზადებს ამ ხელოვნების ნიმუშებს და რადგან ბატონი ნუგზარი მენეჯერია, ზოგადად წარადგენს მეთქი ნამუშევარებს. ერთხელ, როცა მუშაობის პროცესშიც ვიხილე, მაინც ვერაფრით დავიჯერე, რომ მას შეეძლო თექაზე მუშაობა. ვიფიქრე, ალბათ იმ ქალბატონს არ სცალია და ბატონი ნუგზარი თავს ვალდებულად თვლის, რომ სამუშაო პროცესი არ ჩავარდეს მეთქი, მაგრამ საბოლოოდ როცა დავრწმუნდი, რომ თურმე, სწორედ ბატონი ნუგზარი ყოფილა ამ მშვენიერი ნამუშევრების ავტორიც და სულისჩამდგმელიც, სწორედ ეს ქართული ხალხური ზღაპარი გამახსენდა - „მეფობას ხელობა სჯობია!“



არ ვიცი, ბატონი ნუგზარისთვის რა იყო ამ ხელობის შესწავლის მოტივატორი, მაგრამ ცხადია, საქმეს, რომელსაც დიდი სიყვარულით აკეთებს, ნამდვილად მეფურად უძღვება და თამამად შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი მეფობასა და ხელობას შორის.



ბატონ ნუგზარ ძამუკაშვილს დამთავრებული აქვს პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ზოგადტექნიკური დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციით და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტურა თელავის გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს თბილისის ტექნიკური უნინივერსიტეტის მართვის სისტემების და ავტომატიზაციის ფაკულტეტზე დოქტორანტურაში. 1977 წლიდან აქტიურად ჩაერთო პროფესიულ განათლებაში და 1979 წლიდან 1983 წლამდე მუშაობდა  პროფესიული სასწავლებლის ხელოვნების და სპეცსაგნების მასწავლებელად. 1983 წლიდან ათი წლის განმავლობაში პროფესიული სასწავლებლის დირექტორის მოადგილე გახლდათ,  2007  წლამდე კი ამავე სასწავლებლის დირექტორი. 2008-2010 წლებში თელავის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ იმუშავა. ამჟმად კი ბატონი ნუგზარი სსიპ  კოლეჯი „აისის“ ალვანის  ფილიალის სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი გახლავთ და ამავე დროს სტუდენტებს თექის ოსტატის სპეციალობას ასწავლის. პარალელურად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელია. 


როგორც ხედავთ, მისი შეჩერება შეუძლებელია. მუდმივად  იმაღლებს კვალიფიკაციას და საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს. ბატონმა ნუგზარმა შექმნა თექის დამზადების ხელსაწყო. მონაწილეობა მიიღო DACUM პროგრამის სქემის და მოდულური  პროფესიული პროგრამების შემუშავებაში. არის ოთხი პროფესიული პროგრამის თანაავტორი (თექის ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილები, სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლი, საქსოვი მანქანები). გახლავთ პროფესიული პროგრამის - „მხატვრული ქსოვილების“ ოპტიმიზაციისა და სამი ათეულზე მეტი მოდულის თანაავტორი. სტუდენტის სახელმძღვანელოს - „მატყლისა და თექის დამუშავების ტექნოლოგია“ ავტორი http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentis-saxelmdzgvanelo-matklisa-da-teqis-damushavebis-teqnologia.pdf და სტუდენტის სახელმძღვანელოს - „დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სამყაროს“ რეცენზენტი. http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentis-saxelmdzgvanelo-dekoratiuli-ksovilebis-samkaro.pdf 



რაც ყველაზე მთავარია, ბატონი ნუგზარი 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული საჯარო სკოლებში განხორციელებულ პროექტში - პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა“, სადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს   დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების დამზადებას ასწავლის. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ წელს ამ პროექტში პანკისის ხეობაში მდებარე სოფლ დუისის საჯარო სკოლაც ჩაერთო, რომლის მოსწავლეები ბატონ ნუგზართან ერთად აქტიურად მონაწილეობენ პროექტით გათვალისწინებულ ყველა შემოქმედებით პროცესში.





თექა, ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვა, გობელენი, ბატიკა,  შიბორი, ქვილთი - ეს არის დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სამყარო, რომელსაც ბატონი ნუგზარი დიდი სიყვარულით აცნობს მოზარდებს.






და ბოლოს...
მინდა, ყველას გირჩიოთ - დაივიწყეთ სტერეოტიპები! არ იფიქროთ, რომ არსებობს პროფესიები, რომლის შესრულება მხოლოდ ქალბატონებს ან მამაკაცებს შეუძლიათ, ან არსებობს კარგი, ცუდი, შესაფერისი ან შეუფერებელი  პროფესიები! აკეთეთ საქმე, რომელიც გულით გიყვართ და თქვენ თამამად შეგეძლებათ თქვათ, რომ ზოგჯერ მეფობას ხელობა სჯობია!










თამარ გეთიაშვილი 
2020 წ.




Comments