სსიპ კოლეჯ „აისის“ მეღვინეობის სპეციალობის კურსდამთავრებული
მეღვინეობის სპეციალობისადმი ჩემი ინტერესი არავის გაკვირვებია,
რადგან ბავშვობაში ხშირად მქონდა ამ საქმესთან შეხება და მიხდებოდა მამასთვის დახმარების
გაწევა. თავიდან ეს ერთგვარ სახალისო საქმიანობად მიმაჩნდა: ყურძნის კრეფა, ქვევრში
დაწურვა, მისი ამოღება, გადაღება და შემდეგ ქვევრიდან ჭაჭის ამოღება-დამუშავება, მაგრამ
მალე ეს საქმიანობა სასიამოვნო და უფრო ძლიერი ინტერესის საფუძველი გახდა.
გეტყვით, რომ თითქმის ყოველთვის უფრო მამაკაცური პროფესიები
მიზიდავდა. ის, რაც ქალისთვის თითქოს მიუღწეველი იყო, ან უბრალოდ, შეუფერებელად მიიჩნევდნენ.
სწორედ ამ შეხედულების შესაცვლელად და არსებული სტერეოტიპის დასამსხვრევად, იმის გამო,
რომ ადამიანისთვის მიუღწეველი არაფერია და მთუმეტეს, შეუფერებელი, გადავწყვიტე ამ ე.წ.
მამაკაცური პროფესიის დაუფლება და ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე.
სასიამოვნოა, როდესაც გეუბნებიან: „რა მაგარი და ძლიერი
გოგო ხარ, რა კარგი საქმისთვის მოგიკიდებია ხელი“. მე ყოველთვის დადებით შეფასებებს ვიღებ გარშემომყოფებისგან,
რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და უფრო მეტის კეთებისკენ მიბიძგებს. როდესაც
საქმეს, რომელსაც ირჩევ, გიყვარს და მისი კეთება გსიამოვნებს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც კოლეჯ „აისში“ მეღვინეობის
გრძელვადიან პროგრამას გავდიოდი, გამოცხადდა რეგისტრაცია გაეროს განვითარების პროგრამის
ფარგლებში მოკლევადიანი გადამზადების კურსებზე. ეს იყო ძალიან დიდი შანსი, ძალიან მოკლე
ვადაში მეორე პროფესიასაც დავუფლებოდი. კოლეჯში არის ამის კარგი შესაძლებლობა და მე
ეს ეფექტურად გამოვიყენე. პარალელურად გავიარე მზარეულის ორთვიანი გადამზადების კურსი.
ეს ორივე პროფესია ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა ჩემთვის. ისინი ერთმანეთს
ავსებს, რაშიც ჩემი დასაქმების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი.
დღეს მე ვმუშაობ შპს „ქართული ღვინოების“ „ზანგაურას
მარანში“ და ორივე პროფესიაში მიღებულ ცოდნას წარმატებით ვიყენებ. ღვინის ლაბორატორიაში
სინჯების აღების პარალელურად ჩართული ვარ ტურისტების მიღება-გამასპინძლების პროცესშიც.
ზოგჯერ მიწევს კერძების მომზადება-გაფორმება და სერვირება, რაშიც გაეროს მოკლევადიანი გადამზადების კურსზე მიღებული
ცოდნა ძალიან დამეხმარა.
მე ვფიქრობ, რომ ის მიზანი, რისთვისაც ამ ორ პროფესიაზე
გავაკეთე არჩევანი, მეტწილად მიღწეულია და გაორმაგებული მოტივაციაა ამ საქმიანობების
ჩაღრმავებასა და კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენისთვის. ამ მიმართულებით
სამომავლოდ საოჯახო ბიზნესის დაწყებას ვგეგმავ. ამაში ჩემი მოტივაცია და პროფესიონალიზმი
დამეხმარება!
მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენეთ
დრო თქვენთვის საყვარელი პროფესიების დაუფლებისთვის. არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც
გარწმუნებენ, რომ ესა თუ ის პროფესია თქვენთვის შეუფერებელია! არ არსებობს, საქმე,
რომელიც გიყვართ, შეისწავლოთ საფუძვლიანად
და ვერ იპოვოთ საკუთარი თავი და სამსახური, სადაც ყოველ დილით სიხარულით გაემგზავრებით!
წარმატებები! 🎉🎉❤️❤️
ReplyDeleteძალიან დიდი მადლობა 👏 ♥
ReplyDelete