დასაქმების ონლაინ ფორუმი
ჩატარების დრო:
17, 18 მარტი, 2021 წ.
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ (ICCA) ინიციატივით 2021 წლის 17 და 18 მარტს პროფესიული კვალიფიკაციის სამუშაოს მაძიებელთა ხელშეწყობისთვის ჩატარდა დასაქმების ონლაინ ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯ „აისის“ სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.
ფორუმი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: გერმანიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი, გიორგი გამყრელიძე და სხვები.
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრებრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე სამშენებლო სექტორის განვითარების ჭრილში, სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებზე, ადამიანური კაპიტალის პასუხსა და გამოწვევებზე. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებს.
დისკუსიის შემდეგ ონლაინ სივრცე დაეთმო ღონისძიების II ნაწილს - დასაქმების 2-დღიან ფორუმს. დასაქმების ონლაინ ფორუმზე „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” (ICCA) შეკრიბა ის დამსაქმებლები, რომლებსაც დღეს პროფესიული კვალიფიკაციის სამუშაო ძალისთვის რეალური ვაკანსიები აქვთ; კოლეჯი „აისიდან და მისი ფილიალებიდან კი ჩაერთნენ ის სამუშაოს მაძიებლები, რომლებმაც უკვე დაასრულეს კოლეჯის ინჟინერიის მიმართულების სპეციალობები და აქვთ შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომები ან არიან სწავლის დამამთავრებელ ეტაპზე და გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ონლაინ ფორუმში.
დასაქმების ონლაინ ფორუმი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით: ფორუმის მსვლელობისას, დღის წესრიგში მითითებულ, წინასწარ განსაზღვრულ დროს, მოხდა ე.წ. “ვირტუალურ ოთახში” კომპანიისა და კოლეჯ „აისის“ სამუშაოს მაძიებლების განცალკევება და გასაუბრების შესაძლებლობის მიცემა.
Comments
Post a Comment